Monday, January 28, 2013

ვაზის ჯიშები

ვაზის ჯიშები

ვაზი ეკუთვნის ვაზისებრთა ოჯახს და ცნობილია მისი 4000- მდე ჯიში. მათგან პრაქტიკული მიზნებისთვის გამოყენებულია მცირე ნაწილი. ვაზის ეს უამრავი სახეობა გაფანტულია მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში, განსხვავებული ბუნებრივი პიროების შესაბამისად. პალეონტოლოგიური გათხრების შედეგად უძველესი ვაზის ნაწილები ნაპოვნია უკიდურეს ჩრდილოეთ გრელანდიაში. ვაზის ველური ფორმები თავისი ბიოლოგიური თვისებებით მსგავსნი არიან. ვაზის საერთო განვითარება, მოსავლის რაოდენობა და ხარისხი დიდად არის დამოკიდებული ნიადაგის ფიზიკურ - ქიმიურ შემადგენლობაზე. ამიტომ ნიადაგის და ჯიშების შერჩევა - გაშენება პროდუქციის სპეციფიკაციის მიხედვით ხდება. ვაზისთვის კარგია კორდიან - კარბონატული, ალუვიური, ქვაღორღიანი და ქვიშიანი ნიადაგები. ვაზის მაღალხახრისხოვან ყურძენს სამხრეთ ან სამხრეთ - აღმოსავლეთის ექსპოზიციის ფერდობზე იძლევა. ვაზის ჯიშების უმრავლესობა 14 -15˚C ყინვას იტანს, ზოგი კი - 40˚C -ის პირობებშიც კარგად ვითარდება (ამურის ვაზი).

მევენახეობა უძვლესი დარგია საქართველოში. მისი საწყისი ენეოლითურ და ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება. საქართველოში ვაზის გაშენება-მოვლის წესები ცნობილი იყო ძვ. წ. აღ 3200-3300 წლის წინათ. მევენახეობის სიძველეზე მიუთითებს არქეოლუგიური და ეთნოგრაფიული მასალები, წერილობითი წყაროები, მდიდარი ხალხური ტერმინოლოგია და სხვ. განათხარი მასალა მოწმობს, რომ II ათასწლეულის ბოლოს მევენახეობა საქართველოში უკვე საკმაოდ დაწინაურებული იყო. ამას ადასტურებს კახეთში აღმოჩენილი ვაზის ნამგლისებური სასხლავი, რომელიც ბრინჯაოსგან იყო დამზადებული; სოფელ ნინოწმინდის სამაროვანზე ნაპოვნი წიპწები, რაც რქაწითელისა და მწვანე ვაზის ჯიშის არსებობაზე მიუთითებს.

საქართველოში უძველესი დროიდან გავრცელებული ვაზის ჯიშების აღწერა და მევენახეობის განვითარების, ღვინის დაყენების ძველი მეთოდები შესწავლილი და აღწერილი აქვს ივ. ჯავახიშვილს ნაშრომში ,,საქართველოს ეკონომიკური ისტორია’’ (1934 წ). ამ ნაშრომმა ხელი შეუწყო საქართველოში ვაზის ჯიშების აღდგენას და შემდგომ შესწავლას.

საქართველო უძველესი ვაზის ქვეყანაა, მევენახეობას კი მისდევდნენ 4000-ზე მეტი წლის წინათ. ამას მოწმობს ვაზის ჯიშთა სიმრავლე (500-ზე მეტი ჯიში 4000 ორიგინალს შორის), აგრეთვე ვაზის მრავალი ადგილობრივი წარმოშობის ჯიში და ბუნებრივი პირობების ნაირსახეობის ფონზე მათი დაჯგუფებულად დამკვიდრება მევენახეობის რაიონებში: იმერეთი, გურია, აჭარა, სამეგრელო, აფხაზეთი, ქართლი, კახეთი. საქართველოში ვაზის ნარგავები ზღვის დონიდან 600-700 მ-დეა გავრცელებული.აღმოსავლური ჯგუფის ჯიშები (ირანი, ავღანეთი, სომხეთი) არიან მცირე მასშტაბებით საქართველოში. ეს ჯიშები ხასიათდებიან ძირითადად ძლიერი ზრდის უნარითა და მსხმოიარე ყლორტების მცირე პროცენტით. შავი ზღვის აუზის ჯგუფების ჯიშები (საბერძნეთი, თურქეთი) ძირითადად შემოიფარგლება ძველი კოლხეთის ტერიტორია. ამ ჯგუფის ჯიშები შექმნილია ველური ვაზებიდან შერჩევის გზით. ისინი ძირითადად საღვინე და საღვინე-სასუფრე მიმართულებებითაა და ხასიათდება დიდი მოსავლიანობით. დასავლეთ ევროპის ჯიშების (გერმანია, საფრანგეთი) ძირითადი მიმათულებაა მეღვინეობა. ამ ჯიშებს მაღალი მსხმოიარობა ახასიათებს.

მაღლობ ადგილებში ვაზის საადრეო ჯიშებს ამრავლებენ (ქართული საადრეო, ხალილი, პინო). დაბლობ ზონაში - სიმწიფის საშუალო პერიოდის ან საგვიანო ჯიშებს (რქაწითელი, საფერავი, ცოლიკოური). ქართული ჯიშებიდან აღსანიშნავია გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ჯიშებისა ბუდეშური თეთრი და წითელი, ქარლის ჯიში, ალექსანდრული მუსკატი ( ეგვიპტის ჯიში).

საქართველოში არსებული ვაზის ჯიშებიდან ნაწილი არის ტექნოლოგიური (საღვინე), ნაწილი - სუფრისა.

სამეურნეო მიმართულების მიხედვით გამოირჩევა სასუფრე, საღვინე, საკონიაკე, საშამპანო, ყურძნის წვენის, საქიშმიშე, საძირე, დეკორატიული და ა. შ) საღვინე ჯიშებიდან საფერავი, რქაწითელი, მწვანე, ხიხვი, ჩინური, გორული მწვანე, ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური და სხვ. სუფრის ჯიშებიდან -გორულა, წითელი ბუდეშური, თითა. ახალგამოყვანილი ჰიბრიდული ჯიშებიდან -ქართული საადრეო, ივერია, თბილისური, ვარძია, მუსკატური რქაწითელი. ფართოდ არის გავრცელებული აგრეთვე შემოტანილი ჯიშები - ალიგოტე, პინო, შარდონე, კაბერნე, კიროვაბადული სუფრისა, შასლა თეთრი, ხალილი. ყურადღება ექცევა ქართული ვაზის უნიკალური ჯიშების - ხიხვის, კრახუნას, ლადასტურის, უსახელოურის, ქისის, გრძელმტევნას, ჩხავერის და სხვათა ფართოდ გავრცელებას.

საქართველოს რეგიონებიდან აღსანიშნავია შიდა კახეთი ( მდ. ალაზნის აუზი), გარე კახეთი (საგარეჯოს რ-ნი). შიდა კახეთში ცნობილია შემდეგი ჯიშები: რქაწითელი, კლონი № 48, ქისი, მწვანე კახური, ხიხვი, საფერავი, მწვანე კახური კლონი № 12, კლონი № 359, კაბერნე სოვონიანი, ბუდუშურისებური, თავკვერი, პინო შავი, მუსკატური რქაწითელი. გარე კახეთი: რქაწითელი, ალიგოტე, ჩინური, რქაწითელი კლონი. სუფრის ყურძნებიდან აღსანიშნავია: განჯური, თბილისური, ხალილი, ქართული საადრეო, ალექსანდრული მუსკატი.



ავასირხვა

აბორიგენული, თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. გავრცელებულია ძირითადად დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთში, გუდაუთის რაიონში. ზრდის სიძლიერე საშუალო, მოსავლიანობაც საშუალო და საშუალოზე მაღალი, 70-80, 120-150. შედარებით გამძლეა სოკოვან დაავადებათა მიმართ და კარგად იტანს მოჭარბებულ ტენიან პირობებს. მტევანი საშუალო სიდიდისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ზოგჯერ მხრიანი. მარცვალი მომრგვალო ან მცირედ ოვალური ფორმისა აქვს, სრულ სიმწიფეში იღებს ღია მწვანე-ყვითელ შეფერილობას. სრულ სიმწიფეში გვიან, ოქტომბრის პირველ ნახევარში შედის. შაქრიანობა 20%, მჟავიანობა 9-10,5%.



რქაწითელი

ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში, გავრცელებულია ძირითადად კახეთში, არის ქართლშიც. აზრდება საშუალო ინტენსივობით, უხვმოსავლიანია, მტევნის საშუალო მასაა 160-250 გრ. საშუალო სიდიდისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური, ხშირად აქვს ერთი, ძლიერ განვითარებული ფრთა. მარცვალი საშუალო სიდიდისაა, ოვალური, მოთეთრო-ქარვისფერი, სასიამოვნო გემო აქვს. შაქრიანობა 20-24 %, მჟავიანობა 7-8 %. შედარებით გვალვაგამძლეა. მოსავლიანობა 60-200 ცენტნერი ჰა-ზე. ყურძნისგან ამზადენენ სხვადასხვა მარკის მაღალხარისხოვან ღვინოებს - წინანდალს, გურჯაანს, ტიბაანს, კარდანახსა და სხვა.



საფერავი

არის ქართული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. იზრდება შავი ზღვის აუზის ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ზონაში. გავრცელებულია ძირითადად კახეთის რაიონბში. მცირე რაოდენობითაა ქართლში, რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთში, აფხაზეთში. არის ძლიერად მზარდი, უხვმოსავლიანი. მტევანი საშუალოზე დიდია, საშუალო სიკუმსის ან თხელი. მწიფდება სექტემბერის მეორე ნახევრიდან. მარცვალი საშუალო სიმსხოსია, ოვალური, მუქი ლურჯი.შაქრიანობა 20-26 %, მოსავლიანობა 8-10 ც/ჰა-ზე. თელავის, ყვარლის, გურჯაანის რაიონებში მისგან ამზადენენ სუფრის, სადესერტო და მაგარ წითელ ღვინოს (საფერავი, ახაშენი, ქინძმარაული, მუკუზანი, ნაფარაული და სხვა).



ოჯალეში

ქართული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია. გავრცელებულია სამეგრელოსა და აფხაზეთში (ზუგდიდი, სოხუმი, გაგრა). მწიფს ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის შუა რიცხვებში. აქვს ცილინდრულ-კონუსისებური, ფრთიანი მტევანი. მუქი ლურჯი, საშუალო ზომის მრგვალი ან ოდნავ ოვალური მარცვალი. შაქრიანობა მერყეობს 21,2-დან -24,3 %-მდე, მჟავიანობა 7-9 %. მისგან ამზადებენ მუქ წითელ, მაღალხარისხოვნ ორინალურ მშრალ ან ნახევრად ტკბილ სუფრის ღვინოს ,,ოჯალეშს.’’ ლეჩხუმში გავრცელებული ოჯალეში ანუ ორბელური ოჯალეში საფრანგეთიდანაა შემოტანილი, რომლის ნამდვილი სახელწოდებაა ,,მერლო.’’



კლარჯული

ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს შავი ზღვისპირა ზოლში (გურიასა და აჭარის რაიონებში).ვაზი ინტენსიურად აზრდება, უხვმოსავლიანია, მწიფს ოქტომბერში. აქვს მაღალი საგემოვნო თვისებები, მტევენი ცილინდრულ-კონუსისებური ფორმისაა, მარცვალი მომწვანო-მოყვითალო, კარგად ინახება, ტრანსპორტაბელურია. საქართველოში გავრცელებული აბორიგენული ჯიშთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო სასუფრე ყურძნის ჯიშია.



პინო

ფრანგული წარმოშობის საღვინე ვაზის ჯიშების ჯგუფი. არსებობს შავი პინო (პინო ფრანი), ნაცრისფეფერი პინო (პინო გრი), თეთრი (პინო ბლანი) და სხვ. დიდი სამეურნეო მნიშვნელობა აქვს შავ პინოს, რომელიც საქართველოში მე-XX-ე საუკუნის დასაწყიში გავრცელდა. სტანდარტული მაღალხარისხოვანი ჯიშია, უმთავრესად კულტივირებულია შუა ქართლსა და ზემო იმერეთის რაიონებში. ახასიათებს სიმწიფის საშუალო პერიოდი, აქვს პატარა მტევანი და საშუალო ზომის მრგვალი მარცვალი, მცირემოსავლიანია, რის გამოც წარმოებაში მას ცვლიან სხვა საშამპანურე ქართული ჯიშებით (ციცქა, ჩინური, გორული მწვანე). შავი პინოს პროდუქციას ძირითადად ხარისხოვანი შამპანურის საკუპაჟე მასალად იყენებენ.



გორულა

ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში. იზრდება ინტენსიურად. მისი ყლორტების 75-84 % ნაყოფის მომცემია. უხვმოსავლიანია, ჰა-ზე საშუალოდ 100 ცენტნერზე მეტი იკრიფება. ყურძენი სქელკანიანია, ხორციანი და ნაკლებწვნიანი. მწიფდება შუა ოქტომბერში. შაქრიანობა 18-19 %, მჟავიანობა 5-6 %-მდე. გორულა არის ტრანსპორტაბელური, მაღალხარისხოვანი სუფრის ჯიშია, გავრცელებულია მცხეთის, ლენინგორის, კასპის, გორის რაიონებში და თბილისის გარეუბანში.



გორული მწვანე

ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში. ყლორტების 80-90 % ნაყოფის მომცემია. საშუალო მოსავლიანობა 80 ც/ჰა-ზე, ყურძენი სქელკანიანია, საკმაოდ წვნიანი და ხორციანი. მწიფდება ოქტომბრის პირველ ნახევარში. შაქრიანობ საშუალოდ 21,6-22 %, მჟაიანობა 9-10 %-მდე, მაღალხარისხოვნი საღვინე ჯიშია. იყენებენ ევროპული, სადესარტო და შამპანური ღვინოების დასამზადებლად. გავრცელებულია უმეტესად ქართლში, მცირე რაოდენობით კახეთის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რაიონებში.



ალიგოტე

ფრანგული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. ნაყოფს იძლევა ყლორტების 90 5. მტევნის საშუალო წონა 125-130 გრ. მწიფდება სექტემბრის პირველ ნახევარში. საშულო მსავლიანობაა 90-100 ც/ჰა-ზე, გავრცელებულია მევენახეობის ტითქმის ყველა რაიონში, ტრანსპორტაბელურია. საქართველოში მოჰყავთ იმერეთსა და ქართლში. ალიგოტესგან მზადდება მაღალხარისხოვანი სუფრის ღვინო ,,მუხრანული,’’ რომელიც შეიცავს 10-11 % ალკოჰოლს, მჟავიანობა ზომიერი (6-7 %) აქვს. განთქმულია კარგი სხეულითა და ჰარმონიულობით. ალიგოტეს იყენებენ შამპანური ღვინის მასალის დასამზადებლად. საფრანგეთში მისგან აყენებენ მასობრივი მოხმარების მსუბუქ თეთრ ღვინოს.



ალადასტური

ქართული ვაზის ჯიში, მისი ყლორტების 75-77 % ნაყოფის მომცემია. ნაყოფი წითელია, საღვინე და სუფრისა. მტევანი საშუალოდ 200გრ. იწონის. მწიფდება ოქტომბრის შუა რიცხვებში, ინახება გაზაფხულამდე, ტრანსპორტაბელურია. მოსავლიანობა ჰექტარზე 70-100 ცენტნერია. გავრცელებულია ჩოხატაურის , ოზურგეთის, ვანისა და სამტრედიის რაიონებში. მისგან აყენებენ წითელ ღვინოს, რომელსაც ალკოჰოლისა და მჟავიანობის ჰარმონიული შეფარდების საუკეთესო სხეულიანობა და სასიამოვო სურნელება აქვს.



ბუდეშური

ქართული ვაზის უძველესი ჯიში. ცნობილია წითელი ბუდეშური (თამარეული), უხვმოსავლიანი სუფრის ჯიში. მწიფდება სექტემბრის შუა რიცხვებში. ნაყოფის შაქრიანობა 15,5-1,5 %, მჟავიანობა 5,5-6,0 %. არატრანსპორტაბელურია. გვხვდება ქართლში, კახეთსა და დასავლეთ საქართველოში.
თეთრი ბუდეშური, საღვინე და სუფრის ჯიში. მწიფდება სექტემბრის ბოლოს. შაქრიანობა 18-20 %, მჟავიანობა - 6,5-7 %-მდე, საშუალო მცირე მოსავლიანობით გვხვდება აპინძისა და ახალციხის რაიონებში. თეთრ ბუდეშურს იყენებენ შამპანური და სუფრის ღვინის საკუპაჟე მასალად.



კაბერნე

ფრანგული წითელყუძნიანი საღვინე ვაზის ჯიშთა ჯგუფი. მე-XIX-ე საუკუნის დასაწყისში 2 ჯიში - კაბერნე სოვინიონი და კაბერნე ფრანი შემოიტანეს ყირიმში, საიდანაც გავრცელდა რუსეთის იმპერიის სხვა რაიონებში. საქართველოში დარაიონებულია და სამრეწველო მნიშვნელობა აქვს კაბერნე სოვინიონს. ამ ჯიშისგან კახეთში (თელავი) მზადდება მაღალხარისხოვანი სამარკო ღვინო - თელიანი, რომელიც საფრანგეთის განთქმულ ბორდოს წითელ ღვინოს უტოლდება.



იზაბელა ანუ ,,ადესა’’

ვაზის ამერიკული ჯიში (ე.წ. ,,ადესა’’).. ბუნებრივი ჰიბრიდია და დასავლეთ საქართველოს ტენიან რაიონებშია გავრცელებული. კარგად უძლებს ფილოქსერასა და სოკოვან დაავადებებს. ნაყოფი შავია, აქვს სპეციფიკური გემო, მწიფს მოგვიანებით, იყენებენ საჭმელად და მეღვნეობაში.



უსახელაური

აბორიგენული, ფერადყურძნიანაი საღვინე ვაზის ჯიში, რომელიც ძირითადად დასავლეთ საქართველოში, ლეჩხუმი-ცაგერის რაიონშია გავრცელებული. ზრდის სიძლიერე საშუალო. ძნელად იტანს სოკოვან დაავადებებს. მტევანი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისა აქვს, ცილინდრულ-კონუსური ფორმისა. მტევანი მომსხო ზომის, მუქი ლურჯი, სიმწიფისას შავ ფერში გარდამავალი.საშუალოზე საგვიანო პერიოდის ყურძნის ჯიშებს განეკუთვნება, სექტემბრის ბოლოსკენ მწიფს.შაქრიანობა 20-28%, მჟავიანობა 6,5-9 %. მისგან მზადდება ნახევრად ტკბილი ღვინოები.



თავკვერი

წითელი აბორიგენული ყურძნის ჯიში. გავრცელებულია ქართლის რაიონში. ზრდის სიძლიერე საშუალო, მოსავლიანობა 70-80, სოკოვან დაავადებათა მიმართ მცირე გამძლეობას იჩენს, თუმცა სხვა ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით ადვილად უძლებს ყინვას. აქვს საშუალო ზომის, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის მტევანი და მომრგვალო, მუქი ლურჯი, თითქმის შავი ფერის მარცვალი. საგვიანო პერიოდის ჯიშებს განეკუთვნება, მწიფს დაახლოებით, ოქტომბრის პირველ ნახევარში. შაქრიანობა 19-21%, მჟავიანობა 7,5-8,5 %. მისგან ამზადებენ ”თაკვერის” სახელწოდებით ცნობილ წითელ და ვარდისფერ ღვინოებს.



კისი

ქართული ყურძნის ჯიში, რომელიც იზრდება შავი ზღვის ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ზონაში. მისი მრცვალი არის მომრგვალებული, ელიფსური, მომწვანო-ყვითელი ფერის. მისი რბილი ნაწილის დაჭყლეტისას მიიღება წვენი. მისი პროდუქტიულობაა 55-80 ც/ჰა-ზე. კისის ყურძნის პროდუქტიდან მიიღება თეთრი სამაგიდო ღვინო ,, ხორნაბუჯი’’.



კრახუნა

აბორიგენული, თეთრყურძნაიანი საღვინე და სასუფრე ვაზის ჯიში, გავრცელებულიადასავლეთ საქართველოში, ზესტაფონისა და ბაღდადის რაიონის ტერიტორიაზე. ზრდის სიძლიერე საშუალო, ძნელად იტანს სოკოვან დაავადებებს, თუმცა შედარებით ყინვაგამძლეა. აქვს საშუალო ან განიერ-კონუსისებრი სიდიდის, ხშირად მხრიანი მტევანი. მარცვალი საშუალო და საშუალოზე დიდი, ოვალური ფორმისა, სრულ სიმწიფეში მომწვანო-მოყვითალო-მოქარვისფრო შეფერილობას იძენს. საგვიანო ჯიშებს განეკუთვნება, სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის დასაწყისამდე პერიოდში მწიფდება. შაქრიანობა 21-23%, მჟავიანობა 7,5-8,5 %.



კაჭიჭი

აბორიგენული, ფერადყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. ძირითადად გავრცელებულია აფხაზეთის რეგიონში. საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. კარგად უძლებს სოკოვან დაავადებებს და მშვენივრად ვითარდება ტენიან ეკოლოგიურ პირობებშიც. აქვს საშუალო ზომის, ცილინდრულ-კონუსური მოყვანილობის მტევანი და ასეთივე საშუალო სიდიდის, მომრგვალო-ოვალური ფორმის, მუქი ლურჯი, სიმწიფეში შავ შეფერილობაში გარდამავალი ფერის მარცვალი. განეკუთვნება საგვიანო პერიოდის ჯიშებს, მწიფს ოქტომბრი ბოლო დეკადაში. შაქრიანობა 19,5-22,5% ,მჟავიანობა 19,5%. მცირედ გავრცელებული ჯიშია, რეკომენდირებულია მისი აღდგენა-მოშენება ვარდისფერი ღვინოების წარმოებისთვის.



ალექსანდროული

არის ქართული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. იზრდება საშუალო ინტენსივობით. ნაყოფს იძლევა ყლორტების 70-90 %. მტევნის საშუალო წონაა - 90-100 გრ. ყურძენი მწიფდება სექტემბრის ბოლოს, საშუალო მოსავლიანობაა 55-60 ც/ჰა-ზე. გავრცელებულია ამბროლაურის და ცაგერის რაიონში. როცა ყურძენის შაქრიანობა 27-28 %-ია, მჟავიანობა კი 6-8 %, აყენებენ მაღალი ღირსების, ბუნებრივად ნახევრად ტკბილ ღვინოს ,,ხვანჭკარას’’ (ძირითადად ხვანჭკარის მიკრორაიონში), ხოლო ნაკლებშაქრიაონობისას (20-21 %) - სუფრის ღვინოს ,,ალექსანდროულს’’.



ხიხვი

არის ქართული ყურძნის ჯიში. მარცვალი არის მომრგვალებული, მომწვანო- მოყვითალო ფერის, მზის მხარეს ვერცხლისფერი ლაქებით. მისი რბილობის დაწურვით იღებენ წვენს. მისი პროდუქტიულობაა 60-80 ც/ჰა-ზე. ყურძნში შაქრის კონცენტრაციაა 29 %. ხიხვის ყურძნისგან ღებულობენ თეთრ დაცულ ღვინოს ,,ხიხვი’’. დღესდღეისობით ხიხვის ნარევი მიიღება, აგრეთვე, რქაწითელისა და მწვანის ჯიშებთან ნარევის საფუძველზე. მიღებული ღვინო ,,რქაწითელი ხორნაბუჯის’’ სახელითაა ცნობილი მაღალი ხარისხის კახური ღვინო.



ძველშავი

აბორიგენული, ფერადყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, იმერეთისა და გურიის რეგიონებში. ზრდის სიძლიერე საშუალო. ცუდად იტანს სოკოვან დაავადებებს. აქვს საშუალო ან საშუალოზე დიდი, განიერ-კონუსური მოყვანილობის მტევანი და მსხვილი, მომრგვალო ფორმის, შავ-წითელი ელფერის მქონე მარცვალი. პროდუქტიულობა 80-140 ც/ჰა-ზე. შაქრიანობა 18-22% , მჟავიანობა 7,5-9,5% . საგვიანო პერიოდისაა, მწიფს სექტემბრის ბოლო დეკადაში. ძველშავისგან ამზადებენ ორიგინალურ ღვინოს ,, ძველშავს’’, გამოიყენება როგორც ძირითადი საკუპაჟე მასალა ცქრიალა, სუფრის და სადესერტო, წითელი და ვარდისფერი ღვინოების დასამზადებლად. ამას გარდა, მისი და კაბერნეს ფრანგული ჯიშის დამატებით, მიიღება შესანიშნავი შუშხუნა ღვინო.



ჩხავერი

აბორიგენული ფერადყურძნიანი საღვინე და სასუფრე ვაზის ჯიში. გავრცელებულია შავი ზღვის აუზის ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ზონაში. გურია-აჭარისა და აფხაზეთი-გუდაუთის მთიან რეგიონებში. ზრდის სიძლიერე საშუალო. ძნელად ადაპტირებს გარემო ეკოლოგიურ პირობებთან, აგრეთვე სუსტია სოკოვან დაავადებათა მიმართ. ფოთლები აქვს საშუალო, მომრგვალებული. მტევანი ცილინდრულ- კონუსური მოყვანილობისა. მარცვალი მრგვალი ფორმის, მუქი წითელი შეფერილობის. საშუალოზე მცირე ზომის. ყურძენში შაქრის შემცვლელობაა 19,5-22%. მჟავიანობა 8-9,5% . ჩხავერის ჯიშიდან იღებენ ნახევრან ტკბილი ღვინო ,,ჩხავერი’’. მისი ჩინურისა და რქაწითელის ნარევისგან კი მიიღება შუშხუნა ღვინო.



ცოლიკოური

აბორიგენული წარმოშობის, თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. ხარობს დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, მცირე რაოდენობით -ქართლსა და კახეთშიც. ზრდის სიძლიერე საშუალოზე ძლიერი. მდგრადია სოკოვან დაავადებათა მიმართ და ადვილად ეგუება გარემო ეკოლოგიურ პირობებს. აქვს საშუალო სიდიდის, კონუსური ან განიერ-კონუსური მოყვანილობის ხშირად განტოტვილი, მხრიანი მტევანი და მომრგვალო-მომსხო, ოდნავ ოვალური ფორმის, მომწვანო-მოყვითალო ფერის მარცვალი, რომელიც სრულ სიმწიფეში მზის მხარეს ყავისფერი ლაქებით იფარება. საგვიანო პერიოდის ჯიშებს განეკუთვნება, მწიფს ოქტომბრის მეორე ნახევრიდან. შაქრიანობა 20-25% ,მჟავიანობა 7,5-9,5% . მისგან მზადდება ადგილობრივი და ევროპული ტიპის მაღალხარისხოვანი, სუფრისა და ბუნებრივად ნახევრად-ტკბილი ღვინოები: ”ტვიში” ”სვირი” და ა.შ.



ჩინური

არის ქართული ყურძნის ჯიში. ის მიეკუთვნება აღმოსავლეთ ჯიშების ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს. ფოთოლი აქვს მომრგვალო, მარცვალი მსხვილი, ცილინდრულ-კონუსისებური, მოყვითალო-მომწვანო ფერის. პროდუქტიულობა 60-70 ც/ჰა-ზე, შაქრის კონცენტრაცია 21-22 %. ჩინური ყურძნით მზადდება ჩვეულებრივი სამაგიდო ღვინო. რქაწითელისა და ჩხავერის ნარევის დამატებით კი მიიღება არაჩვეულებრივი შუშხუნა ღვინო.



ციცქა

აბორიგენული, თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. ხარობს დასავლეთ საქართველოში, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოს, აფხაზეთი, გურიისა და აჭარის რეგიონებში. სუსტია სოკოვან დაავადებათა მიმართ. აქვს საშუალო სიდიდის კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური მოყვანილობის მტევანი და ასეთივე საშუალო ფორმის, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, სრულ სიმწიფესში მომწვანო-მოყვითალო შეფერილობის მარცვალი. შაქრიანობა18-25% ,7-10,5% . მისგან მზადდება ნახევრად მშრალი და შუშხუნა ღვინო.



მუჯურეთული

არის ფერადყურძნიანი, აბორიგენული საღვინე ვაზის ჯიში. ხარობს დასავლეთ საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ამბროლაური-ცაგერის რაიონებშიში. ზრდის სიძლიერე საშუალო. სოკოვან დაავადებათა მიმართ სუსტია, მაგრამ არის გვალვაგამძლე. აქვს საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომის ცილინდრულ-კონუსური მოყვანილობის მტევანი და ოვალურ-კვერცხისებური, მუქი იისფერი შეფერილობის მარცვალი. შაქრიანობა 25-30% ,მჟავიანობა 6-7% . მუჯურეთულის პროდუქცია ალექსანდროულთან ერთად კუპაჟში განკუთვნილია მეტად მაღალხარისხოვანი ნახევრად ტკბილი ღვინის ”ხვანჭკარას” დასამზადებლად. ამას გარდა მისგან მზადდება საშუალო და ნახევრად ტკბილი, მშრალი და ნახევრად მშრალი ღვინოები.



თითა

სასუფრე ყურძნის ჯიშია. გავრცელებულია საქართველოს სხვადასხვა რაიონებში. განსაკუთრებით ცნობილია ,,ქართლური თითა’’, რომელიც შიდა ქართლსა და მესხეთში დიდი რაოდენობით მოჰყავდათ. ფოთოლი კვერცხისმაგვარია ფორმისაა, ძლიერ დანაკვთული, მარცვლი გრძელია, თითისებრი მოყვანილობის (აქედან სახელწოდება). ფერად მომწვანო-მოყვითალო, მოტკბო-მომჟაო გემო და სუსტი არომატი აქვს. ძლიერი იზრდება, ზოგიერთი რქის სისქე 2-3 მ აღწევს. მოსავალს დარგვიდან მესამე წელს იძლევა, მტევნის საშუალო წონაა 151 გრ. (უდიდესი 400 გრ). ქართლში მისი მოშენება ძლიერ შესუსტდა, პერსპექტიულია მესხეთისათვის.

No comments:

Post a Comment